ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროსაბჭოს ასამბლეამ რუსეთის მიერ მოლდოვის ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა რეზოლუციას რუსეთის ფედერაციის მიერ მოლდოვის ტერიტორიის ნაწილის – დნესტრისპირეთის ოკუპირების შესახებ. როგორც European Pravda იუწყება, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა წარმომადგენლებმაც ასამბლეას მოლდოვის ნაწილში რუსული ოკუპაციის ოფიციალურად აღიარების წინადადებით მიმართეს, უკრაინასთან, რუმინეთთან, საფრანგეთთან, ესტონეთთან, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთთან ერთად, ქართული მხარეც იყო.

“რუსეთის ფედერაციამ მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია და მოახდინა დნესტრისპირეთის რეგიონის ოკუპაცია”, – ჩაიწერა დოკუმენტში.

მანამდე, ევროპის საბჭოში დნესტრისპირეთს რუსეთის “ეფექტური კონტროლის ქვეშ” მყოფ ტერიტორიად მოიხსენიებდნენ.

მოლდოვაში ომი 1992 წელს მიმდინარეობდა. ამას წინ უძღოდა 1990 წელს, პრორუსული სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის გამოყოფა მოლდოვიდან. რუსეთის მიერ მოლდოვის ტერიტორიის ნაწილის ოკუპირების შედეგად, ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა დაარსდა.

შეგახსენებთ, 15 მარტს PACE-მა გადაწყვეტილების პროექტი განიხილა, რომელიც ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას შეეხებოდა. სწორედ ამავე დოკუმენტში შეიტანეს ევროპარლამენტარებმა შესწორებები, რომელთაგან ერთ-ერთიც, მოლდოვის ტერიტორიას უკავშირდება. ცნობისთვის, კენჭისყრამდე რუსეთმა თავად მიმართა ორგანიზაციას ოფიციალურად გასვლის შესახებ, ევროსაბჭომ კი მის გარიცხვას მხარი დაუჭირა. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთან კომიტეტზე, 17 მარტს გამოიტანენ.

იტვირთბა....