ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: რუსეთის დანაკარგი კოლოსალურია – ბევრ ქვეყანას არც აქვს იმდენი ტექნიკა, რამდენიც მათ გავუნადგურეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიის დანაკარგები კოლოსალურია და ზოგი ქვეყნის სამხედრო შეიარაღებას აღემატება კიდეც.

“ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მტერს უკრაინაში ომის გაგრძელების ყოველგვარი სურვილი დაუკარგონ. რუსი სამხედროების დანაკარგები კოლოსალურია. ეს დინამიკა ომის მეჩვიდმეტე დღეს უკვე ისეთია, რომ შეიძლება დარწმუნებით ითქვას – ეს რუსეთის არმიაზე მიყენებული ყველაზე დიდი დარტყმაა ათობით წლის განმავლობაში. მათ სხვაგან არსად არ განუცდიათ ასეთი დანაკარგი, ასეთ მცირე დროში. მსოფლიოში არმიების დიდ ნაწილს არ აქვს ამ რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, რაც რუსმა მებრძოლებმა ჩვენს ქვეყნაში შემოჭრის შემდეგ დაკარგეს”, – აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკის ინფორმაციით, ომის 16 დღის განმავლობაში მტრის 360 ტანკი, 1205 ჯავშანმანქანა, დაახლოებით 60 სამხედრო თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი და ასობით ერთეული სხვა ტიპის ტექნიკაა განადგურებული.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში დასძინა, რომ რუსი სამხედროები უკვე არა ცალ-ცალკე, არამედ მთლიან ჯგუფებად ბარდებიან ტყვედ – “ასევე ჯგუფებად ცდილობენ უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას და სახლში დაბრუნებას”, – ამბობს ზელენსკი.

 

იტვირთბა....