რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ, რომ ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადონ. ამის შესახებ ფეისბუქზე საოლქო საბჭოს დეპუტატი, სერგეი ხლანი წერს.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტები დეპუტატებს ურეკავენ და ეკითხებიან, მზად იქნებიან თუ არა მათთან თანამშრომლობისთვის.
“ხერსონის ოლქში მზადდება რეფერენდუმი “ხერსონის სახალხო რესპუბლიკის” დასაარსებლად. ხერსონის საოლქო საბჭოს ყველა დეპუტატს მივმართავ – ძვირფასო კოლეგებო, დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გესმით თქვენი გადაწყვეტილების შედეგები. “ხერსონის სახალხო რესპუბლიკის” შექმნა ჩვენს მხარეს სიცოცხლეს, მომავალს დაუკარგავს და უიმედობის ხრამში გადაუშვებს. არც ერთი ხმა არ მისცეთ მათ! მთელი სახელმწიფოს ყურადღება თქვენსკენ იქნება მომართული და ოკუპანტებთან თანამშრომლობას არანაირი გამართლება არ ექნება. არ მჯერა, რომ თქვენ უარეს მდგომარეობაში ჩავარდებით, ვიდრე მარიუპოლის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის და გოსტომელის მოსახლეობა, რომელიც უკვე ორი კვირაა არაადამიანურ ტანჯვაშია, თუმცა, არ ნებდებიან. ნუ შეხვალთ უკრაინის ისტორიაში, როგორც გამყიდველები, რომლებიც არავის სჭირდება. იყავით ნამდვილი მოქალაქეები, რომელთა სახელებსაც შემდეგი თაობები დაიმახსოვრებენ”, – წერს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.