უკრაინაში რუსულ აგრესიას, ომის დაწყებიდან 16 დღის განმავლობაში, 79 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 100 კი დაიჭრა. ამის შესახებ ქვეყნის გენერალური პროკურორის ოფისი Telegram-ზე იუწყება.
“ყველაზე მეტი დაშავებული კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის და ჟიტომირის ოლქებშია. ეს რიცხვები ბოლომდე არ ასახავს რეალობას, რადგან ამ ადგილებში რუსეთის შეიარაღებული ძალები აქტიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებენ და დაბომბილი ადგილების დათვალიერების საშუალება არ არსებობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქვეყანის მასშტაბით 10-ზე მეტი საბავშვო საავადმყოფო დააზიანეს და იერიში მიიტანეს 280-ზე მეტ სასწავლო დაწესებულებაზე, საიდანაც ცხრა სრულად განადგურდა.
“უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური საომარი მოქმედებების და ასეთი ობიექტების მიზანმიმართული განადგურების შედეგად, შვიდ მილიონ ბავშვს არ ეძლევა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა”, – აღნიშნავენ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.