უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ვერსალში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც, საუბარი შეეხო უკრაინის განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც, კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის და მისი მოკავშირის, ბელარუსის ქმედებები და უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა.
“ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. მისი გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს და გაეროს წესდების პრინციპებს; ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას; ეს იწვევს უკრაინის მოსახლეობის ენით აღუწერელ ტანჯვას. რუსეთს და მის თანამზრახველ ბელარუსს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ აგრესიულ ომზე და დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთი დანაშაულებისთვის, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებისთვის. უკრაინა, ევროპული ოჯახის წევრია, რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი კი აგრესორები არიან. ჩვენ [უკრაინელ ხალხს] მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას რუსეთის ქმედებების შეწყვეტის შემდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვერსალში გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი უკვე დაწყებულია და “ეს მხოლოდ დროის ამბავია”.