ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდაცვის პატარა მინისტრი: თინა ხიდაშელმა 17 წლის გოგოს სურვილი აუსრულა

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 17 წლის გოგონას სურვილი აუსრულა. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ მზრუნველობის ქვეშ მყოფ ნანა ტუღუშმა ერთი დღით უწყების ხელმძღვანელის როლი მოირგო.

მას თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და უწყების წარმომადგენლებმა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა პირადად გააცნეს, შემდეგ კი კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაშიც ჩართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „თავდაცვის სამინისტროს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„პატარა მინისტრს“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მუშაობის თავისებურებები გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გააცნო. თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე კი მას თავდაცვის მინისტრის გარდა მისი პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მოადგილეები ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე ესაუბრნენ. გოგონას სპეციალური ანგარიშით დახვდნენ მიმდინარე ოპერაციების ცენტრშიც.

დღის ბოლოს თავდაცვის მინისტრი ნანა ტუღუშთან ერთად „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ ესტუმრა. თინათინ ხიდაშელი ფონდის აღსაზრდელებს გაესაუბრა და მათი სურვილები მოისმინა. პატარებმა თავდაცვის მინისტრისგან საჩუქრები და სამხედრო ნაწილში მასპინძლობის დაპირება მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ღონისძიებები, როცა ადამიანებს მოტივაციას უმაღლებ და შესაძლებლობას აძლევ, სურვილი აისრულოს. არ ვიცი, ეს დიდი ოცნებაა თუ მცირე, მაგრამ, რადგან ასეთი სურვილი არსებობს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური დღე ვაჩუქოთ პატარებს. მადლობა მინდა ვუთხრა ბავშვებს თავდაცვის უწყებით დაინტერესებისთვის. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყანა გიყვარს და გსურს, ინტეგრირებული იყო ამ პროცესში. მადლობა ნანიკოს, რომელმაც ასეთი საპასუხისმგებლო უწყების, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სურვილი გამოთქვა. ჩვენ ამ ბავშვებს სამხედრო ნაწილშიც ვუმასპინძლებთ და შევეცდებით, ბევრი ლამაზი დღე ვაჩუქოთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს უანგაროდ ეხმარება და ბავშვთა მკურნალობის, მათი რეაბილიტაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

 

იტვირთბა....