ახალი ამბები მთავარი

ACT: საქართველოში 10-დან 9 გამოკითხულს ომში უკრაინის გამარჯვება სურს

კვლევითმა ორგანიზაციამ ACT საქართველოს მოსახლეობა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოკითხა. კვლევამ ცხადყო, რომ ომში რუსეთის გამარჯვება მოსახლეობის უმცირეს რაოდენობას – 1 პროცენტს სურს, ხოლო 10-დან 9 გამოკითხული (88%) უკრაინას გულშემატკივრობს და პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი მტერია. ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა – 84 პროცენტი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი მტერია, ხოლო მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11 პროცენტს არ აღემატება.

ქვეყნის მოსახლეობის 87% თვლის, რომ “უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“. გამოკითხულთა 72% კი მოელის, რომ “თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება“. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (91%) არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია – “ეს ნიშნავს, რომ პოზიცია მკაფიო და ერთიანია იმის მიმართაც, თუ ვის მხარეს არის სიმართლე”, – აღნიშნავს ACT.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარი (49%) მაინც არ ელოდა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ომს დაიწყებდა.

“3 გამოკითხულიდან 2 რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს (63%). 12%-ს პესიმისტური პროგნოზი აქვს და რუსეთის გამარჯვებას მოელის. ყოველი მეხუთე გამოკითხული დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი (20%). არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება (5%).

როგორც “ეისითი“ აღნიშნავს, კვლევის მიზანი იყო, გამოევლინა, რამდენად როგორ ხედავენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ომს, რა მოლოდინები აქვთ და რამდენად სოლიდარულები არიან ომში ჩართული მხარეების მიმართ – “რუსეთ-უკრაინის ომზე კონსენსუსი ისეთი თვალსაჩინოა, როგორც არასდროს, არცერთ სხვა საკითხზე”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

კვლევა 2022 წლის 4-6 მარტს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა.

იტვირთბა....