მას შემდეგ, რაც McDonald’s-მა განაცხადა, რომ რუსეთში ყველა საკვებ ობიექტს ხურავს, პლატფორმაზე Avito, რომელიც საცალო გაყიდვებისთვისთვის არის განკუთვნილი, რესტორნის პროდუქციის გადამყიდველები გამოჩდნენ. ისინი წინასწარ ნაყიდ ბურგერებს, კარტოფილ ფრის, ქათმის ნაგეტსებს და “მაკდონალდსის” სხვა დასახელების საკვებს ყიდიან. ფასები 50 000 რუბლს (1,266 ლარი) აღწევს.
მაგალითად, ტულის ერთ-ერთი მაცხოვრებელი “ჩიქენბურგერს”, “კეტჩუპს” და შეფუთულ შაქარს 30 000 რუბლად (760 ლარი) ყიდის და მაღალ ფასს იმით ხსნის, რომ “მალე, ეს ყველაფრის დეფიციტში იქნება”.
საიტზე აგრეთვე იყიდება “მაკდონალდსის” შეფუთვებიც – “Big Breakfast Roll-ის საოცარი შეფუთვა ძველი დროის მოგონებებს გაგიცოცხლებთ”, – წერს ერთ-ერთი გადამყიდველი.
ცნობისთვის, რუსეთში McDonald’s-ის 850-მდე რესტორანია, სადაც ჯამში 62 000 ადამიანი მუშაობს. რუსთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, რესტორნების დროებით დახურვასთან ერთად, კომპანიამ ქვეყნის ბაზარზე ყველა ოპერაციის განხორციელების შეწყვეტის შესახებაც განაცხადა.