საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, მოსალოდნელია თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში ხორბლის პროდუქტებზე ფასების მატება. სილაგავას თქმით, ქვეყანაში რუსეთიდან და უკრაინიდან შემოტანილი ხორბლისა და ფქვილის დაახლოებით ერთ თვიანი მარაგია, რის შემდეგაც, კომპანიებს სხვა ბაზრებზე მოუწევთ გადართვა და ეს, თავისთავად გამოიწვევს ფასების მატებას.
თუმცა, როგორც ლევან სილაგავა აღნიშნავს, შესაძლოა, მთავრობამ სუფსიდირება ან სხვა მექანიზმები აამუშაოს პურზე სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად.
“ხორბლის ერთი თვის მარაგია, დანარჩენი მარაგი არის ფქვილის სახით, ესეც დაახლოებით ერთი თვის მარაგი. მარაგის დანიშნულება არის ის, რომ ასეთ კრიზისულ მომენტებში მყისიერი დარტყმები არ მოხდეს ქვეყანაზე და ასევე ის, რომ სხვა ბაზრებზე გადართვებისთვის გვქონდეს დრო. ის, რაც რუსეთიდან შემოვა, შემოვა ძველი კონტრაქტბით, რისი თანხაც უკვე გადარიცხულია და კომპანიებს ვალდებულება აქვთ შემოტანის, ამის შემდეგ, უკვე მიმდინარეობს გადართვები სხვა მიმართულებებზე, მათ შორის, ყაზახეთზე. ოღონდ, მსოფლიო ტენდენციიდან გამომდინარე, ეს შემოსვლები, რაც ახლა შემოვა, რა თქმა უნდა, იქნება უფრო ძვირი, რადგან დაკეტილია პორტები და რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს ვერ აწოდებს ხორბალს. დაახლოებით თვენახევარში, ეს შეიძლება ბაზარზე აისახოს, თუმცა, დღეის მდგომარეობა სტაბილურია. ფასების ზრდა ახლა კი არა, თვე-თვენახევარშია შესაძლებელი. ჩვენ გვქონდა ორი შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და გვითხრეს, რომ მთავრობა გარკვეულ პროგრამებს ამუშავებს და ჩაერევა იმაში, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური. შეიძლება, ეს იყოს ხორბალში ან ფქვილში სუფსიდირება, ან პურთან მიმართებაში სუფსიდირება”, – აცხადებს ლევან სილაგავა.
მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მიწოდების 30 პროცენტი რუსეთსა და უკრაინაზე მოდის და ამ ქვეყნებისთვის, ისევე, როგორც საქართველოსთვის, ალტერნატიული ბაზრებია ევროპა, კერძოდ, რუმინული, გერმანული, ფრანგული და სხვა ქვეყნების ხორბალი.
“ასევე ღია არის ყაზახეთის მიმართულება, თურქეთის ორი მიმართულება”, – აღნიშნავს სილაგავა.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ ურკაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.