ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს წევრ ქვეყნებს მხარი რომ დაეჭირათ უკრაინის თხოვნაზე მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ეს ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევდა.
“რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა საჰაერო სივრცის ჩასაკეტად, არის ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ჩაკეტილი საჰაერო ზონის შექმნა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების გზით. ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ეს, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს სრულმასშტაბიან ომამდე ევროპაში და მიგვიყვანს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვამდე. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც მივედით ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე”, – განაცხადა “ნატოს” სამიტის შემდეგ სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ისე, რომ კონფლიქტში არ ჩაერთვება არც სახმელეთო და არც საჰაერო გზით.