ვლადიმერ პუტინმა მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა, “არ გაამწვაონ რუსეთთან ურთიერთობა” და არ შეუერთდნენ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.
“მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არანაირი ბოროტი ზრახვები არ გვამოძრავებს ჩვენს მეზობლებთან მიმართებაში. მათ ვურჩევდი, ნუ გაამწვავებენ სიტუაციას და ნუ დააწესებენ შეზღუდვებს. ჩვენ ჩვენს ყველა მოვალეობას ვასრულებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. აქ სიტუაციის ესკალაციის, ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ”, – განაცხადა პუტინმა მეზობელი ქვეყნებისადმი მიმართვაში.
შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ოკუპანტები ბომბავენ დასახლებებს და ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთის ქმედებების აღსაკვეთად, დასავლური ქვეყნები, გავლენიანი ორგანიზაციები და მსხვილი კომპანიები რუსეთთს სანქციებს უწესებენ.