ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბიურომ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის შეთავაზებას, პარლამენტში მოხსენებით 5 მარტს გამოსულიყო

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოსულიყო, ხვალ არ გაიმართება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვას იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბიშვილის მოხსენებით გამოსვლა 5 მარტს ჩანიშნულიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს ხვალ, უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და ევროპაში მის მიერ გამართული შეხვედრების ფონზე, აქტუალურ საკითხებზე უნდა ესაუბრა.

“ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას 15 მარტს, სასესიო კვირაში სთავაზობს.

“ზოგადად, საპარლამენტო ტრადიციიდან გამომდინარე, როგორც წესი, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებები იმართება სასესიო კვირაში, გამონაკლისი იყო შარშან, როდესაც 9 აპრილს სპეციალურად მიეძღვნა პრეზიდენტის გამოსვლა… ამ შემთხვევაში, რაც შეეხება ამ მოხსენებას, ითქვა კიდევაც, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება დიდად არ ჰქონდეს მნიშვნელობა, იქნებოდა ხვალ, თუ იქნებოდა თხუთმეტში, მთავარი არის, რომ მოვისმინოთ ეს მოხსენება”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად უფრო შესაფერისი ფორმატი დახურულ სამუშაო ფორმატში შეხვედრაა.

“რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენება არ იძლევა დისკუსიის და დებატების შესაძლებლობას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....