უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მტერი შეშინებულია, უკრაინული არმია კი პოზიციებს არ თმობს. მისი თქმით, სწორედ ამ დღეებშია ის გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ქვეყანას გამარჯვება უნდა მოუტანოს.
“მტერი შეფიქრიანებული და შეშინებულია. ჩვენ ის ჯერ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ეს დრო შეუქცევადად ახლოვდება – კრემლის ვირთხები უკვე თრთიან, მათი ნაწილი აქტიურად ეძებს გასაქცევს. ამ საათებსა და დღეებში ხდება სიტუაციის გარდატეხა. ეს პერიოდი მობილიზებას, განსაკუთრებულ კონცენტრირებას მოითხოვს. ჩვენმა დამცველებმა მტერი უმეტეს მიმართულებებზე შეაჩერეს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. რვა დღის შედეგებით, რუსეთის არმიის დანაკარგები 10 ათას მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს. სულ მცირე, ერთი რუსი გენერლის განადგურებაა დადასტურებული. რუსული საზოგადოება ამ დანაკარგების შეგრძნებას და გაცნობიერებას იწყებს. ჩვენი შეიარაღებული ძალები ამ 8 დღეში ლამის იმაზე მეტ ტანკს და ჯავშანმანქანას დაეუფლა, ვიდრე ბოლო 8 წლის განმავლობაში მიგვიღია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიიდან. განადგურებულ რუსულ ჯავშანტექნიკას უკვე ერთეულებში კი არა ბატალიონებად და ბრიგადებად ვითვლით”, – წერს რეზნიკოვი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს აწარმოებს.