კატების საერთაშორისო ფედერაციის (FIFe) განცხადებით, რუსეთში გამოყვანილი ვერც ერთი გატა ვერ შეძლებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, FIFe-ს მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილეობას. ამასთან, რუსული კატები ვერ მოხვდებიან ორგანიზაციის საგვარეულო ნუსხაში.
ამასთან, “ფიფეს” ბიუჯეტის ნაწილი უკრაინაში კატების მოყვარულებისა და სელექციონერების მხარდაჭერას მოხმარდება.
არსებული ინფორმაციით, რუსული ჯიშის კატებისთვის დაწესებული შეზღუდვა 31 მაისამდე იმოქმედებს.
“აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა გახანგრძლივდება, ან გადაიხედება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მანამდე, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა კინოლოგთა საერთაშორისო ფედერაცია (FCI), რომლის გადაწყვეტილებითაც, რუსეთში აიკრძალა ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელზეც FCI-ის ტიტულები ან პრიზები გაიცემა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.