რა იწვევს ხერხემლის ტკივილს? მთავარი მიზეზი დატვირთვაა. ადამიანის სხეულისთვის უმოძრაობა ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. ყოველდღიურ მრავალსაათიან არაფიზიოლოგიურ მდგომარეობას, ეს იქნება დგომა თუ ჯდომა, სამსახურში, ტრანსპორტში და სხვაგან, მოსდევს ხერხემლისა და მისი სტრუქტურების დაზიანება. ცნობილია, რომ დგომისას ხერხემლის მალათაშუა დისკებზე ზეწოლა იზრდება ორჯერ, ხოლო ჯდომისას, განსაკუთრებით სავარძელში ჯდომისას, როდესაც კუნთები მოდუნებულია და მთელი დატვირთვა მალათაშუა სტრუქტურებზე მოდის, ოთხჯერ. ამიტომაც ადამიანები, რომელთაც დიდხანს უწევთ ჯდომა, მაგალითად, ტრანსპორტის მძღოლები, ოფისის მუშაკები და სხვა, წარმოადგენენ წელის ტკივილის რისკჯგუფებს.
ამავე დროს, ნაკლებად დატვირთულ უმოძრაო კვირას შესაძლოა მოჰყვეს მოულოდნელი ფიზიკური დატვირთვა, როგორიც არის სახლის საფუძვლიანი დალაგება, საბურავის გამოცვლა და ა.შ. და სწორედ ეს იქცეს ზურგის ტკივილის მეორე მიზეზად.
თუკი თქვენი სამუშაო მოითხოვს ხანგრძლივად ჯდომას ან დგომას, ეცადეთ, ყოველ ნახევარ საათში შეასრულოთ შემდეგი ვარჯიშები : გაიარ-გამოიარეთ ოთახში; რამდენჯერმე გადაიხარეთ წინ, უკან, გვერდით. სასურველია ამ ვარჯიშების შესრულება ყოველდღიურად, 10-15 წთ-ის განმავლობაში;
ასევე, თუკი დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, ეცადეთ წონა გადაანაწილოთ ორივე ფეხზე თანაბრად, ან უკიდურეს შემთხვევაში, დაეყრდნოთ მონაცვლეობით ხან ერთ ფეხს, ხან მეორეს; არ ატაროთ ფეხსაცმელი, რომლის ქუსლის სიმაღლე აღემატება 4 სმ-ს;
მნიშვნელოვანია მყარ საწოლზე გეძინოთ. თუკი თქვენ გძინავთ ზედმეტად რბილ ლეიბზე, ძილის დროს თქვენი ხერხემალი შეიძლება ძალიან მოიხაროს, რაც გამოიწვევს კუნთების დაძაბვას. თავიდან იგრძნობა დაღლა, ხოლო შემდეგ დაიწყება ტკივილი.
კვების რაციონში საჭიროა ცხიმიანი ხაჭოს, კომბოსტოს, ლობიოს, ბარდის, ბრინჯის, ჭარხლის, ნიგვზისა და არაქისის ჩართვა. ეს პროდუქტები ხერხემლის გამაგრებას უზრუნველყოფს. თეტღი შაქარი კი აუცილებლად ამოიღეთ, რადგან , ვინაიდან ორგანიზმის მიერ მისი მოხმარებისას ხდება სასარგებლო ნივთიერებების ხარჯვა, რაც ასუსუტებს ხერხემლის აპარატს.
ხერხემლის ტკივილი განაჩენი არ არის. ის განკურნებადია. თუ ტკივილი მწვავეა, აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა. პრევენციის მიზნით კი, რეგულარული და სწორი ფიზიკური ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვისა და უძრაობის ბალანსის დაცვა, ხერხემლის ტკივილისგან დაგიცავთ.