ახალი ამბები მთავარი სამართალი

გამოძიება გრძელდება: რატომ ცდილობდა სოზარ სუბარი ხარძიანის საქმეზე ჟურნალისტის გაჩუმებას? (ვიდეო)

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმის გახსნის შემდეგ, ისევ აქტუალური ხდება ის გვარები, რომლებსაც თავის დროზე ბიზნესმენის მეგობარი, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ასახელებდა. მითუმეტეს, როცა ძალოვნებმა, საქმის გახსნის დაანონსების პარალელურად, განცხადება გააკეთეს, რომ გამოკვეთილის სხვა პერსონებიც, რომელთა მიმართაც გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

ირაკლი კორძაია, თავის დროზე ასახელებდა გვარებს, რომლებიც რაღაც დოზით დაკავშირებულნი იყვნენ ბესიკ ხარძიანის საქმესთან. ესენი არიან: ლაშა ნაცვლიშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი, ვინმე მაჩაიძე და რაც მთავარია გია უდესიანი, რომელზეც კორძაია ეჭვობდა, რომ რაღაც დოზით, იგი გარეული იყო ხარძიანის ბიზნეს-საქმიანობაში.

როგორც კორძაია მაშინ იხსენებდა, როცა იგი სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა, რა დროსაც ციხეში იჯდა ხარძიანი, მას ასე თუ ისე, წვდომა ჰქონდა გარკვეულ ინფორმაციებთან და იცის, რომ საპატიმროში, ხარძიანის 3-ჯერ ცემის დამკვეთი უდესიანი იყო.

“ხარძიანს არ ჰყავდა მტერი” – ამბობს კორძაია და აცხადებს, რომ მის ერთადერთ მტრად შეიძლება უდესიანი ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 2015 წლის მარტში მოკლეს.  არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს სამჯერ ესროლეს, დაჭრილი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა მისი დახმარება ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. ხარძიანების აზრით, ბიზნესმენი გია უდესიანის შეკვეთით მოკლეს.

ოფიციალური ინფორმაციით, უდესიანის და ხარძიანის მიზნები კომპანია “კუს ტბა კალასში” იკვეთებოდა. საჯარო რეესტრის მომდევნო ამონაწერში კუს ტბის მფლობელებს შორის ხარძიანების ოჯახის წევრები აღარ იყვნენ. ოფიციალური დოკუმენტებით, ბესიკ ხარძიანმა თავისი 29% თითქმის მილიონ ლარად გაყიდა. წილები გაყიდეს მისმა მეუღლემ და ძმამაც. ეს ერთ დღეში მოხდა.

ხარძიანების ოჯახისგან ბრალდებული გია უდესიანის ოჯახის წევრები კი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე მიუთითებდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ მათი ძმის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება გაგრძელდებოდა, ისინი სასამართლოს მიმართავდნენ.

გია უდესიანი – ტყვიის სროლის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, თბილისის სპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

ასე რომ, გამოძიება გრძელდება და მომავალში, როგორც ჩანს სხვა გვარებიც უნდა ამოტივტივდეს. ძალოვნები როგორც ჩანს, ზუსტად იმ პერსონებზე მუშაობენ, რომელთა გვარებმა გაიჟღერეს როგორც კორძაიას, ასევე ოჯახის მხრიდან.

“მეტრონომი” გთავაზობთ 2 ვიდეოს, სადაც ჟურნალისტი ირაკლი კორძაია თავის დროზე დეტალებში ყვება მისი მეგობრის, ბესიკ ხარძიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ვიდეოში იგი მინისტრ სოზარ სუბარსაც ახენებს, რომლის გვარის გაჟღერებაც საკმაოდ საინტერესოა აღნიშნულ საქმეში.

როგორც კორძაია ყვება, ხარძიანის დაკრძალვამდე, ტელეფონით დაუკავშირდნენ მას  სოზარ სუბარი და ვიქტორ ჯაფარიძე. შეხვედრისას, კორძაიას თქმით, ჯაფარიძე საუბრობდა ხარძიანის ნაკლოვანებებზე, ანუ მისი თქმით, მას ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა.

კორძაიას თქმით, ჯაფარიძემ მას შეთანხმება შესთავაზა. “ანუ როგორც ჩანს, რაღაც ჯილდოს სანაცვლოდ უნდა გავჩუმებულიყავი. ამ შეხვედრის ინიციატივა შეიძლება უშუალოდ ღარიბაშვილისგან არა, მაგრამ ჯანყარაშვილისგან ნამდვილად მოდიოდა. ეს შემოთავაზება მათი მხრიდან იყო ჩემთვის შეურაცხმყოფელი და მტკივნეული როცა ადამიანთან გაკავშირებს მეგობრობა და ასეთ რამეს გთავაზობენ, საწყენია. სოზარ სუბარი იჯდა და ამ ყველაფერს უსმენდა მშვიდად, რამაც მე ძალიან გამაკვირვა. რამდენიმე რეპლიკა მისი მხრიდანაც იყო, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ მე თავი შემეკავებინა ამ თემაზე საუბრისგან… ” – აცხადებს ერთ-ერთ ვიდეოში კორძაია.

 

იტვირთბა....