ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პროკურორის მკვლელობის საქმის დახურვა უნდათ”

„გამოძიების პროცესში კიდევ ახალი დეტალები გახდება ცნობილი და საზოგადოება ამის შესახებ დროულად შეიტყობს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, კომენტარებს კიდევ გააკეთებენ პროკურატურის წარმომადგენლები და თავად მხარე”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც აცხადებენ, რომ თალაკვაძემ უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია, რადგან გამოძიების დასრულებამდე კუჭავა მკვლელად გამოაცხადა.

„საზოგადოებას გავეცი პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც ჩვენს მიმართ დაისვა. უდანაშაულობის პრეზუმცია ამ შემთხვევაში არ დარღვეულა, რადგან უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვის ვალდებულება და ტვირთი არ აქვს ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე ვალდებულია, ამტკიცოს ბრალეულობა. ეს ერთმნიშვნელოვანია”. – განაცხადა თალაკვაძემ.

“მეტრონომი” იურისტ ზაზა ბიბილაშვილს ესაუბრა. ბიბილაშვილის აზრით, თალაკვაძემ ნამდვილად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია.

“მე როგორც მახსოვს, წინ არ მაქვს მისი განცხადება, მან მოყვა თუ რა მოხდა. დაწვრილებით აღწერა ყველაფერი. უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა ზუსტად ეს არის. მინისტრის მოადგილის მხრიდან ეს იყო ერთის მხრივ ძალიან არაკომპეტენტური ქმედება და განცხადება, მეორე მხრივ ეს იყო ძალიან არადამაჯერებელი განცხადება. პრეზუმციის დარღვევა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ დაელოდა გამოძიების შედეგებს, სასამართლოს ვერდიქტს და რაც მთავარია, როგორც ჩანს, საერთოდ არ აპირებენ ამ საქმისთვის შემდგომი მსვლელობის მიცემას, ვინაიდან, მათ უნდათ ამ ვერსიით ეს საქმე დახურულად გამოცხადდეს. თქვან, რომ ერთმა ადამიანმა მეორე მოკლა და შემდგომ თავი მოიკლა, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის, რადგან უამრავი დეტალი მნიშვნელოვანია, რომელიც მიუთითებს, რომ ამ საქმეში როგორც მინიმუმ სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩარეული და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვეუბნებიან. შესაბამისად, აუცილებელია ამ საქმის გამოძიება.” – აცხადებს ბიბილაშვილი.

იტვირთბა....