ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინისთვის პატიების თხოვნას ურჩევს.
“მინდა, რჩევა მივცე უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს. მანამ ის უკრაინის ექსპრეზიდენტი არ გამხდარა – ჩქარა დაურეკოს ჩვენს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს და პატიება სთხოვოს”, – ციტირებს კადიროვის სიტყვებს ИА Реалист.
ცნობისთვის, რამზან კადიროვის არაოფიციალური ინსტაგრამის სთორიში კადრები გავრცელდა, რომელიც ირიბად ადასტურებდა გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ მან ჩეჩენი მეომრები უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გაგზავნა.
ჩეჩნეთის ლიდერის განმარტებით, ისინი მოხალისეებს წარმოადგენენ, რომლებიც “ნებისმიერ მომენტში მზად არიან სახელმწიფოს დასაცავად”.
“ჩვენ იმას ვაჩვენებთ, რომ პატრიოტები ვართ და მზად ვართ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ჩვენ მათ (უკრაინელებს) მოვუწოდებთ, ნებაყოფლობით ჩაგვბარდნენ”.
შეგახსენებთ, რუსეთი უკვე მეორე დღეა უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.