ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავალება გვაქვს ზევიდან და ჩვენ ვერ ვწყვეტთ”: რატომ დატოვეს მერიაში 120 ადამიანი უმუშევარი?

 

მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. მედიატორში გამართულ პრესკონფერენციაზე, მათ განაცხადეს, რომ 120 ადამიანი სამსახურიდან უსაფუძვლოდ და პოლიტიკური მოტივით, ახალი წლის დადგომამდე გაათავისუფლეს. მათი თქმით, უმეტესობა სამსახურში დაარსების დღიდან მუშაობდა.

როგორც მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა რიტა ყაველაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზი კონტრაქტის ამოწურვაა.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, პირები, რომლებიც კონტრაქტით მუშაობენ 3 წლის განმავლობაში, დამქირავებელი ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი დაუსახელოს დასაქმებულებს.

მერიის ყოფილი თანამშრომლები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, რომ მერიაში კონკრეტული მიზეზი არ განუმარტავთ, გარდა კონტრაქტის ამოწურვისა. “მეტრონომს” ქალბატონმა ყაველაშვილმა განუცხადა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს განუმარტეს მიზეზი, რის გამოც ისინი სამსახურიდან გაუშვეს. მერიის წარმომადგენელი ჩვენთან არ საუბრობს, რა მიზეზი დაუსახელა ქალაქის მთავრობამ ამ ადამიანებს.

“მედიატორის” დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი მერიას უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანების უფლებებს “მედიატორი” დაიცავს.

“ჩვენ გვაქვს მათ მიერ გაცემული წერილი რატომაც გაუშვეს თანამდებობდან და დაატოვებინეს სამსახური. იქ გარკვევით წერია, რომ ხელშეკრულების ვადის გამო უწყდებათ მათ ეს ხელშეკრულება. არანაირი დამატებითი სხვა ინფორმაცია, ან მიზეზი იქ არ წერია. თუ რაიმე ზეპირი განმარტებები აქვს გაკეთებული საეჭვოა, მაგრამ როდესაც ადამიანს ათავისუფლებ სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებაში აუცილებლად უნდა მიუთითო რა მიზეზით უშვებ პირს სამსახურიდან. როგორც ამ ადამიენბმა მითხრეს, მერიამ ერთადერთი, რაც განუმარტა მათ იყო ის, რომ დავალება გვაქვს “ზევიდან” და ჩვენ ვერ ვწყვეტთო. მათივე მტკიცებით, მერიას წინანწარ არ შეუტყობინებია, რომ სამსახურიდან უშვებდა. შესაძლებელი იყო ერთი თვით ადრე მაინც ეთქვა, რომ სამსახურიდან უშვებდნენ”. – აცხადებს კუბლაშვილი.

გაშვებული თანამშრომლები საკუთარ მძიმე სოციალურ ყოფასა და კომერციულ ბანკებთან დავალიანებაზა საუბრობენ. კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერიიდან თანამშრომლების ამ ფორმით გაშვება წინასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირდება.

“როგორც მერიის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, მათი ჩანაცვლება ავტომატურად მოხდა. მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში კადრები არ შემცირებულა. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს საბუთები მერიიდან, რათა ვნახოთ ვინ და რამდენი ადამიანი დასაქმდა აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე. ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ არჩევნები გვაქვს მალე და “ქართულ ოცნებას” სურს თავიანთი აქტივისტები დაასაქმოს თბილისის მერიაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფის” მთელი ლიდერები გადმოიყვანეს მერიაში და ისინი მერიაში ჩვენ ხარჯზე იღებენ ხელფასებს”. – ამბობს კუბლაშვილი.

“მეტრონომი” შეეცადა პროფკავშირებთან დაკავშირებას, რომელთაც წესით უნდა აღელვებდეთ აღნიშნული საკითხი, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....