ახალი ამბები პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი: სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან

მე, როგორც მოქალაქეს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან და არავის უნდა მივცეთ საშუალება, რაღაც გარკვეული ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ჩამოდის და ამის არაერთი გამოცდილება გვქონია ჩვენ. ჩვენი, ქართველი მორაგბეები პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. სპორტი და მოქალაქეები, რუსი ხალხი არის ერთ მხარეს, მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ერთი მეორისგან უნდა დავაშოროთ. ხალხთაშორისი ურთიერთობა არის ერთი. მოგეხსენებათ, პანდემიამდე ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდიოდა, ახლაც ჩამოდიან, დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ჩამოვიდნენ, დაისვენონ და ჩვენი ლამაზი ქვეყანა ნახონ, ხალხთაშორისი ურთიერთობა უნდა განვითარდეს, უნდა აღდგეს ნდობა და განმტკიცდეს ურთიერთობები. ასევეა სპორტსმენებს შორის. ჩვენი ბევრი სპორტსმენი რუსეთში მოღვაწეობს, მიდიან, მოდიან, ყველგან ტარდება მატჩები, ასე, რომ ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი. ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. მინდა, ყველას ვთხოვო, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩთან დაკავშირებით განაცხადა.

იტვირთბა....