სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე ვარაუდობს, რომ კუჭავას გარდაცვალების მოწმე დავით პოპოვი უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და შეხვედრისას მათ პროვოცირებას ცდილობდა.
როგორც კორკოტაძემ განაცხადა, პოპოვი მასთან შეხვედრის ამსახველ ჩანაწერს სუსის განყოფილებაში მიიტანდა და იქ გამოიკვეთებოდა, რომ ის მოწმეზე ზეწოლას ახდენდა, რის შემდეგაც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.
„მას უნდოდა რომ მოსულიყო ჩემთან და მე დამესვა მისთვის კითხვები. შემდეგ ამ ვიდეოს ალბათ მიიტანდა სუსის განყოფილებაში და იქ გამოიკვეთებოდა, რომ მე, როგორც ადვოკატი მასზე ზეწოლას ვახდენდი. სავარაუდოდ, ჩემს მიმართ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე“ – განაცხადა კორკოტაძემ.
მისივე თქმით, პოპოვებს, რომლებიც ბიძინა კუჭავას გარდაცვალებისას ავტომანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ და რომლებიც გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა, დიდი წვლილი მიუძღვით ბიძინა კუჭავას მკვლელობაში.
„ეს თვითმკვლელობა არ იყო. ეს განზრახ მკვლელობაა, რომელიც ალბათ პოპოვების და სამართალდამცველი ორგანოების მიერ იყო დაგეგმილი. მაშინ რატომ მოდის დამონტაჟებული ვიდეო თვალით?“ – განაცხადა კორკოტაძემ.
კუჭავას ოჯახის ადვოკატი საუბრობს ასევე მკვლელობების დადგმულ სცენარზე და აცხადებს, რომ არ შეიძლება შს მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს და ზოგადად გამოძიებას, ზედმიწევნით სცოდნოდა როგორ მოკლა ვახტანგ ქირია ბიძინა კუჭავამ აბაზანაში, შემდეგ როგორც დაცალა სისხლისგან და როგორ გამოიყენა ამ ყველაფრისთვის ე.წ. “ბალგარკა”, რომელმაც შემდეგ თითი დაუზიანა.
“ეს დეტალები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სცოდნოდათ მათ, თუკი ბინაში სადაც ქირია მკვდარი იპოვეს, დამონტაჟებული იყო ვიდეოთვალი, ან ამ ყველაფერს ესწრებოდა პოპოვი. ასეთ შემთხვევაში პოპოვის და მისი მეუღლის მიმართ მინიმუმ დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”, – განაცხადა ნათია კორკოტაძემ.