“ჩემი აზრით, ის რომ ახლა უკრაინაში ყოფილიყო, ბევრს ილაპარაკებდა, ივანიშვილის გალიაში კი არ იჯდებოდა, არამედ იჯდებოდა ბევრი საერთაშორისო მედიის თოქ-შოუში, ბევრიც აქვს მოსაყოლი”, – ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ მეტრონომის კითხვის – თქვნი აზრით, უნდა იყოს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში – პასუხად განაცხადა.
“აბსოლუტურად ვერ ვხედავ საჭიროებას, მით უმეტეს – ახლა. ვფიქრობ, რომ მისი შეცდომაც იყო აქ ჩამოსვლა. ვითარებაში, როდესაც უკრაინის მიმართ ასეთი ექსპანსიაა რუსეთის მხრიდან, ის ახლა სწორედ უკრაინაში იქნებოდა ძალიან ფუნქციური და აქტუალური, რადგან ის არის მთავარი მოწმე იმ ისტორიული ტრაგედიის – 2008 წლის ომის, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა. ამიტომ, პარალელიზაცია იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, ფაქტობრივად, რუსეთი იგივე სცენარით მიდის, რაც ჩვენზე გამოიცადა, როგორც უმძიმესი ექსპერიმენტი. ეს ჩვენი ხვედრია ხოლმე, რომ პირველად, ექსპერიმენტი ყოველთვის ჩვენზე ტარდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის ძალიან დაეხმარებოდა, რადგან ქართული ხელისუფლების მიმართ არანაირი მოლოდინი არამაქვს, მათ შორის არც არავის არააქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ ვინმეს მათი სიტყვის მოსმენა უნდოდეს. ამიტომ, ეს მუდმივი ციტირება, პარალელიზაცია, თუ რა დაემართა საქართველოს, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა იჯდეს ციხეში, საზოგადოებისთვის სახიფათოა? მით უმეტეს, როდესაც მკურნალობის საკითხი დგას. მე აქ არ ვლაპარაკობ სიმპათიასა და ანტიპათიაზე, ის არის პოლიტიკური პატიმარი და გონივრულია სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გაშვება. ჩემი აზრით, ის რომ ახლა უკრაინაში ყოფილიყო, ბევრს ილაპარაკებდა, ივანიშვილის გალიაში კი არ იჯდებოდა, არამედ იჯდებოდა ბევრი საერთაშორისო მედიის თოქ-შოუში, ბევრიც აქვს მოსაყოლი. ახლა, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა არა მისთვის, არამედ, საქართველოსთვის. მე ასე ვუყურებ ამას”, – ამბობს ბუღაძე.