ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე: არ შეიძლება, ტანსაცმელი, ყველი, ხორცი, ყველაფერი ერთად ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს

“სადაც აკრძალულია, იმ სივრცეებში ვაჭრობას ვერ დავუშვებთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით,  გარევაჭრობა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს დისკომფორტს უქმნის.

“ძალიან კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნით სხვა ადამიანებს. არავინ არ გიშლით თქვენ ამ საქმიანობის გაწევას, არავინ არ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა მოხდეს. არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება. არ შეიძლება ტანსაცმელი, ყველი, ხორცი, ყველაფერი ერთად ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კალაძემ.

 

იტვირთბა....