ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა და ბოდიში მოიხადა.
“ბოდიში, ეს არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველას ბოდიშს გიხდით. რაღაც ეშმაკი ჩამისახლდა და ჩემი თავი ვერ გავაჩერე. მომისაჯეთ რისი ღირსიც ვარ, რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები”, – მიმართა მურსაკულოვმა მოსამართლეს.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში პედაგოგად მუშაობდა, 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი 31 ივლისს იპოვეს.
მურსაკულოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა.
დანაშაული 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.