“არის რაღაცები, რაც შეიძლება სწორი იყოს, რომ რაღაცა ფორმით უნდა დარბილდეს ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ რის ფასად და რის ხარჯზე, მე ბევრ რამეს შეიძლება არ ვიზიარებდე“, – ამის შესახებ პარტია “ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა მეტრონომს “პატრიოტთა ალიანსისა“ და სხვა ხელმომწერი პარტიების მიერ ვლადიმერ პუტინისადმი ღია წერილით მიმართვის შეფასებისას განუცხადა.
დეპუტატი, რომელიც პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით მოხვდა, ამბობს, რომ არც ირმა ინაშვილის საჯარო განცხადებებს ეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ “არავითარ NATO-ში ჩვენ არ უნდა შევიდეთ”.
ზილფიმიანის თქმით, მისი მხრიდან “პრორუსული ქმედებების ხოტბის შესხმა გამორიცხულია”.
“რა თქმა უნდა, იმას, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ დასავლური ოჯახის წევრი, წინ არ შეიძლება რაიმე დაუდგეს, რადგან ჩვენ ვართ დასავლური ყაიდის ერი და არაფრით არ შეიძლება, ჩვენ დავრჩეთ მიღმა. ისედაც ამდენი წელი მოგვიწია ამ გაუგებრობაში ცხოვრება. თუმცა, ანგარიში გასაწევია და მე გული მწყდება, რომ ვერ უღებენ ალღოს. გუშინ, ეს იყო გავეშებული დათვი. ძალიან არის გაბრაზებული რუსეთი უკრაინაზე. მიზეზებზე არ ვლაპარაკობ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მიუხედავად ყველა ამ მუქარისა, ხომ ხედავთ, როგორ ფრთხილად და ფაქიზად ეპყრობიან რუსეთის განწყობებს და ხასიათს ყველა“, – ამბობს დავით ზილფიმიანი.
მისი თქმით, რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს არ დათმობს; რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ზილფიმიანის აზრით, საქართველომ მოქნილად უნდა იმოქმედოს.
“აგერ უკვე მთელი ღამე შედიოდა შეიარაღებული ფორმირებები, პრაქტიკულად, ლუგანსკი და დონეცკი უკვე გუშინდელი დღეა. ეს ის შემთხვევა აღარ არის, რომ რაღაცას “იფათხიფუთხებს“ ვინმე და რუსეთი უკან დააბრუნებს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ყოჩაღ, რა კარგია ეს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს აღარ მოხდება. პრაქტიკულად, ძალით გასდის რუსეთს ყველაფერი. ისე, როგორც ჩვენთან გაუვიდა. 2008 წლის მერე ცოტა კი არ არის გასული, 14 წელია და რა? მე უბრალოდ მწყინს, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩემი შვილიშვილების დროსაც დაკარგული იყოს ეგ ტერიტორიები. ამიტომ, ეს მრავალწახნაგოვანია – სულ ყვირილი და რუსეთის ლანძღვა, ეს უდიდესი შეცდომა და უდიდესი სისულელე იყო ისევე, როგორც სულ ეს პრორუსული განწყობები, რუსეთისთვის ხვეწნა და თავის დახრა. ასეთი მონოტონური ქმედების გატარება არაფრით არ შეიძლება პოლიტიკაში. უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცა ფორმით, მაქსიმუმი მივიღოთ. რა თქმა უნდა, როგორც მეზობელთან, უნდა გამოვნახოთ ისეთი ურთიერთობის ფორმა, რომ ყოველ დღე თავდასხმას არ ველოდეთ. ”, – განუცხადა მეტრონომს ზილფიმიანმა.