დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციაზე აისახება, გვიჩნენებს, რომ ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის და ომიკრონის პიკი უკვე გადავლილია.
“ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მიდის დამშვიდებისკენ, შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ომიკრონის პიკი გადავიარეთ. ციფრები ამაზე მეტყველებს, დღეს, მოგეხსენებათ, გვაქვს 12 101 ახალი შემთხვევა, ერთმანათს ვადარებთ ხოლმე ყოველ სამშაბათს – წინა სამშაბათს იყო 15 315; ორი კვირის წინ, სამშაბათს იყო 24 616, სამი კვირის წინ, 31 იანვარს იყო 24 201, დაახლოებით ერთი თვის წინ კი გვქონდა 15 762. ანუ, იანვრის 15-დან იყო აღმავალი ტალღა, პიკი გვქონდა 1 თებერვალს – 26 320 და შემდეგ ნელი ტემპით ახალი შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მცირდება”, – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
ამირან გამყრელიძის თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნისთვის დასაშვებ ზღურბლოვან მაჩვენებელზე მაღალია.
“ასევე, მცირდება, მაგრამ ჩვენთვის დასაშვებ ზღურბლოვან მაჩვენებელზე მეტი გვაქვს ყოველდღიური სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე გადათვლით”, – ამბობს ინფექციონისტი.