ახალი ამბები ინტერვიუ მსოფლიო პოლიტიკა

(ექსკლუზივი) მთავრობის საქციელი სირცხვილია, დაეხმარეთ უკრაინას – მამუკა მამულაშვილის მიმართვა ქართველებს

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტი, ფართომასშტაბიანი ესკალაციის დაწყების საფრთხე და პარალელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან – „მეტრონომი“ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურთან, გენერალ ზურა მამულაშვილის შვილთან, მამუკა მამულაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

–  როგორ დაიწყო თქვენი სამხედრო საქმიანობა?

–  ჩემი ცხოვრება სამხედრო საქმიანობას ძალიან პატარა ასაკიდან დაუკავშირდა. მამაჩემი გენერალი იყო და ერთად ჩავვარდით ტყვედ აფხაზეთში და 3 თვე იქ გავატარე. ძალიან კონსერვატიული და ანტირუსული ოჯახი მყავს. ასეთი გეზი გვქონდა აღებული და მითუმეტეს მამაჩემი სამხედრო იყო და საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა . ჩვენ თავიდან 8 თვე გუმისთის ფრონტზე ვიყავით, შემდეგ „სოხუმგესზე“. ეს ფართომასშტაბიანი ბრძოლა იყო და სოხუმის ალყის დროს ჩავვარდით სწორედ ტყვედ. შემდეგ აფხაზი მინისტრის, ვინმე ჯინჯოლიას 18 წლის შვილში გამცვალეს.

–  რატომ გადაწყვიტეთ უკრაინაში წასვლა და იქ ქართული ლეგიონის დაარსება?

–  ბავშვობიდან მესმოდა, რომ უკრაინელები გვეხმარებოდნენ და ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდნენ აფხაზეთში. არასდროს მიმიქცევია ყურადღება მაშინ, მაგრამ ალბათ ფსიქიკამ დაიმახსოვრა ეს. უკრაინაში რომ დაიწყო ეს მოვლენები, „მაიდანის“ ბრძოლები, ჩემმა გონებამ ეს ფაქტები ერთამენთთან დააკავშირა. როდესაც აფხაზეთიდან ლტოლვილები გადიოდნენ, ისინი უკრაინელმა მეზღვაურებმა და მფრინავებმა გადაარჩინეს. ეს მომენტი გავითვალისწინე და სულ მესმოდა, რომ უკრაინელები გვეხმარებოდნენ. რამდენადაც ვიცი 7 უკრაინელი გარდაიცვალა საქართველოსთვის ბრძოლაში. როდესაც იყო „მაიდანის“ ამბები და ვუყურებდი როგორ იღუპებოდნენ უკრაინელები, სწორედ მაშინ გადავწყვიტე უკრაინაში ქართული ლეგიონის შექმნა. მივხვდი, რომ იგივე სცენარი განვითარდებოდა იქაც, რაც საქართველოში მოხდა.

–  მოგვიყევით უკრაინაში ქართული ლეგიონის საქმიანობაზე.

–  ჩვენს ლეგიონში 27 ქვეყნიდან მოხალისეები შედიან. თავიდან გვქონდა უბრალოდ მოხალისეთა სახელი, შემდეგ კი ხელი მოვაწერეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან 3 წლიან კონტრაქტს. მოხალისეობის პერიოდი საკმაოდ დაძაბული იყო, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები სწორედ 2014-2015 წლებში მიმდინარეობდა. კარგი რეპუტაცია გვქონდა და შემდეგ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ. ამჟამად ლეგიონში 200 კაცამდე ქართველი მებრძოლია. რეკრუტირების პროცესია და ყოველდღე გვემატება ხალხი.

–  თქვენი აზრით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა რამდენად უჭერს მხარს უკრაინას?

–  ჩემი აზრით, დღეს ჩვენ პრორუსული მთავრობა გვყავს, რომელსაც არ სჭირდება ადამიანები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. გარიყულები ვართ მთავრობის მიერ. ხალხი დიდი უმრავლესობით მხარს გვიჭერს. საქართველოს მთავრობას არ ეყო ნებისყოფა, რუსეთი ოკუპანტად ეღიარებინა და ეთქვა, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომს აპირებს. ეს უკრაინელ ხალხთან ურთიერთობას ძალიან აფუჭებს. ჩვენი მისია სწორედ ის არის, რომ უკრაინელმა ხალხმა ეს იმედგაცრუება არ იგრძნოს. ქართული ლეგიონის უკრაინაში არსებობამ ამ მხრივ ძალიან დიდი როლი ითამაშა.

–  შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში საქართველოს წარმოადგენთ?

–  ჩვენ უფრო გვეძახიან საქართველოს ელჩებს უკრაინაში, ვიდრე ოფიციალურ ელჩს თუ არსებობს ასეთი საერთოდ. ამ პერიოდის მანძილზე ოფიციალურ უწყებებთან შეხება საერთოდ არ გვქონია. მთავრობაში ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენი საქმიანობისთვის ხელი შეეშალათ და თუ იგებდნენ, რომ ქართველები ლეგიონში მოხალისედ წამოსვლას გეგმავდნენ, სამწუხაროდ ყველანაირად ხელს უშლიდნენ. ჩვენ შევძელით და საქართველო უკრაინაში წარმოვადგინეთ. ყველა უცხოელმა იცის ქართული ლეგიონის არსებობის შესახებ. მედია იყო მოსული და როდესაც ნახეს ჩვენი პროფესიონალიზმი, მომზადების დონე, ყველამ ერთხმად აღიარეს, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ კარგად მომზადებული უკრაინული შენაერთები ვერ აკეთებენ.

–  როგორ ფიქრობთ, დაიწყებს რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომს? გააკეთეთ ერთგვარი შედარება 2008 წლის საქართველოს მოვლენებთან.

–  სცენარი განვითარებულია სწორედ ისე, როგორც იყო საქართველოში 2008 წელს. ძალების კონცენტრაცია და რუსული წვრთნები საზღვრებთან, სწორედ ასე დაიწყო საქართველოსთანაც. რუსეთის მთავრობამ დადო პირობა, რომ ჯარებს გაიყვანდა საქართველოს საზღვრებიდან და რამდენიმე ხანში მივიღეთ ფართომასშტაბიანი ომი. ზუსტად ამ ეტაპზე ვართ, რუსეთი შეჰპირდა, როგორც უკრაინას და უფრო მეტად დასავლეთს, რომ ჯარებს გაიყვანს საზღვრებიდან, თუმცა ვხედავთ, რომ პირიქით სამხედროების რაოდენობას ზრდის. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ რუსეთი შუაგულ ევროპაში ფართომასშტაბიან ომს ამზადებს.

–  როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში ?

–  არვიცი, რამდენად რადიკალური იქნება დასავლეთის მოქმედება, თუმცა ეხლა რაც ხდება, დასავლეთის ქვეყნები და „NATO“ არ იყენებს იმ შესაძლებლობებს, თუნდაც ინფორმაციულს, რომელიც რეალურად აქვთ. დიდი მხარდაჭერაა, მაგრამ მე მგონია, რომ ბევრად მეტი უნდა იყოს. სწორედ „NATO-ს“ საზღვრებთან იმყოფება უკრაინა და თქვენ კარგად იცით, როგორ ვრცელდება ომი. დავარქვათ ამას ანგარება, ეშინიათ „NATO-ს“ ქვეყნებში არ გადავიდეს კონფლიქტი, ან დავარქვათ ის, რომ მათ უკრაინის მხარდაჭერა სურთ, რისიც სკეპტიკურად მჯერა.

–  როგორ იმოქმედა დასავლეთმა 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში?

–  საქართველოს იარაღით არ დაეხმარნენ, თავის დროზე ბევრმა დასავლურმა მედიამ გაავრცელა კადრები, რომელშიც თითქოსდა საქართველომ დაიწყო ომი და ეს საბედისწერო შეცდომა იყო. დღეს ნებისმიერ მედიას , რომელმაც გამოაქვეყნა გორის დაბომბვის კადრები და დაარქვა „როგორ ბომბავს საქართველო მძინარე ცხინვალს“ სწორედ ამ შეცდომაზე ვუყვები.

საქართველოსთან შედარებას ვაკეთებ, რადგან მაშინაც ცხინვალიდან დაიწყეს ხალხის ევაკუაცია, თითქოს  საქართველოდან მომდინარე საფრთხის გამო. ზუსტად ეს ხდება უკრაინაშიც და ფაქტიურად ცდილობენ ეს წარმოადგინონ, თითქოს უკრაინა ბომბავს თავის ხალხს. რუსებს არ ენანებათ ეს ხალხი, პროვოკაციებისთვის იყენებენ.

რუსები ომის ესკალაციას ცდილობენ. უკრაინულ ჯარს აქვს მითითება არ წამოეგონ პროვოკაციებს და არ გახსნან საპასუხო ცეცხლი.  თუ ომი დაიწყება, რუსეთი მოექცევა ე.წ ვაკუუმში, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური კუთხით. არვიცი რამდენად ეყოფათ რუსებს გაანალიზონ რა შეიძლება მოჰყვეს უკრაინასთან ომს. პრიმიტიულად, რომ შევადაროთ რუსეთი იქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა მთვრალი რუსი საზოგადოებაში.

–  თქვენ, როგორც უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, რას ეტყოდით ქართველებს, როგორ მიმართავდით ქართველ ერს?

მინდა მივმართო ქართველებს, ვისაც თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე გული შესტკივა უკრაინას აუცილებლად დაეხმარეთ, რადგან უკრაინა ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც დაგვეხმარა ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. გამოაგზავნეს თავიანთი მოხალისეები, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს და დაიცვას საქართველო უკრაინაში. დღეს ყველა აკვირდება როგორ შეძლებს საქართველო საკუთარი მეგობარი ქვეყნის დაცვას. ნუ გგონიათ, რომ ვინმე რამეს ვერ ხედავს, ან დაავიწყდება. მთავრობის საქციელი ძალიან დიდი სირცხვილია, რომლის შედეგებსაც მომავალში აუცილებლად ვნახავთ. უკვალოდ არაფერი არ იკარგება.

 

ავტორი: მარიამ ხულიაშვილი

იტვირთბა....