სომხეთი ევროვიზიისთვის ემზადება, ქვეყანას სერობ არჯემიანის სიმღერით წარდგება. სიმღერა “ჰაისტანის” მუსიკა გიორგი ვასაძის „ყვავილების ქვეყანა“-ს მუსიკას ერთი ერთში იმეორებს, მაგრამ წარმოდგენილია როგორც სომხური ეროვნული ბალადა. კლიპში უხვად არის სომხური ეროვნული დროშები და მთა-გორიანი პეიზაჟები.
ცნობისთვის, თავის დროზე, ორი ქართველი კომპოზიტორის მემკვიდრეებს ხანგრძლივი სასამართლო დავა ჰქონდათ, თუ რომელ მათგანს ეკუთვნოდა ხსენებული კომპოზიაცია. გთავაზობთ ამონაწერს სასამართლო განჩინებიდან.
არ არის გამორიცხული სომხურ მხარეს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწიოს „ქურდობისთვის“. სომხური ჰიტი „ჰაიასტანი“ (თარგმნ. სომხეთი) სერობ არჯემიანის შესრულებით 2015 წლის ბოლოს გამოვიდა. მას, როგორც ამბობენ, ევროვიზიაზე გასაგზავნად ამზადებდნენ.
„განჩინება, საქართველოს სახელით. ( 3კ\35-02) 3 იანვარი 2002 წ.
სარჩელის საგანი – საავტორო უფლების აღიარება სიმღერაზე „ყვავილების ქვეყანა“
აღწერილობითი ნაწილი: კომპოზიტორ მიხეილ ჩირინაშვილის მეუღლემ ირინა ჩირინაშვილმა 1983 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი გარდაცვლილი მეუღლის, მიხეილ ჩირინაშვილის დარღვეული საავტორო უფლებების დაცვა, საავტორო გასამრჟელოს მიღება და გიორგი ვასაძის საავტორო უფლებების გაუქმება სიმღერაზე `ყვავილების ქვეყანა~. მოგვიანებით, 2001 წლის 11 ივნისს, მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა მიხეილ ჩირინაშვილის საავტორო უფლებების აღიარება სიმღერაზე `ყვავილების ქვეყანა~ და საავტორო უფლების რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ `საქპატენტში~. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მიხეილ ჩირინაშვილმა სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ („ყვავილების მეუფე“) შექმნა 1945-46 წლებში ჯანო ბაგრატიონის ჯაზ-ორკესტრისათვის, რაც დადასტურებულია საგაზეთო სტატიაში, რომელიც 1948 წლის 31 ივნისს გამოქვეყნდა გაზეთში „საბჭოთა ოსეთი“; 1963 წელს ფირმა „თბილისის“ მიერ გამოიცა ანსამბლ „რეროს“ მიერ შესრულებული სიმღერის გრამფირფიტა, სადაც სიმღერის ავტორად მითითებულია მიხეილ ჩირინაშვილი. 1971 წელს შეიქმნა სატელევიზიო ფილმი „რერო მასპინძლობს“, რომლის ტიტრებშიც სიმღერის ავტორად მითითებულია მიხეილ ჩირინაშვილი. 1972 წლის 24 ივნისს ანსამბლ „რეროს“ მიერ შესრულებულ იქნა სიმღერა და მის საკონცერტო პროგრამაში სიმღერის ავტორად მითითებული იყო კომპოზიტორი მ. ჩირინაშვილი.
1982 წელს საქართველოს მუსფონდმა გამოსცა სიმღერის „ყვავილების ქვეყანა“ ნოტები, რომელშიც კომპოზიტორად მითითებულია მ. ჩირინაშვილი. 1947-49 წლებში სიმღერისათვის „ყვავილების ქვეყანა“ საავტორო ჰონორარს იღებდა მიხეილ ჩირინაშვილი. მოსარჩელის განმარტებით, მან მეუღლის საავტორო უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1982 წელს ტელევიზიის მეშვეობით, როცა სიმღერის ავტორად გამოცხადდა გიორგი ვასაძე, რის გამოც 1983 წელს მიმართა სასამართლოს.
მოპასუხე გიორგი ვასაძის მეუღლემ მაგდა ბერიძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა გიორგი ვასაძის ავტორად აღდგენა სიმღერაზე „ყვავილების ქვეყანა“. მოსარჩელე თავის შეგებებულ სარჩელს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე ირინა ჩირინაშვილი არ არის სათანადო მოსარჩელე; მას, როგორც მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეს, უფლება არა აქვს იდავოს საავტორო უფლებებზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 505-ე მუხლის მიხედვით ავტორის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეები იცავენ ნაწარმოებთა ხელშეუხებლობას, რაც არსებითად განსხვავდება ავტორთა უფლებებისაგან. საქმეში წარმოდგენილი მიხეილ ჩირინაშვილის კლავირების კრებული ორი ნაწილისაგან შედგება და იმ ნაწილს, სადაც სადავო სიმღერა „ყვავილების ქვეყანაა“ შეტანილი, თარიღი არა აქვს, რის გამოც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 1945 წელს შექმნილ ნაწარმოებად. გაზეთ „საბჭოთა ოსეთში“, გამოქვეყნებული წერილი, სადაც სადავო სიმღერის ავტორად მითითებულია მ. ჩირინაშვილი, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 490-ე მუხლის გათვალისწინებით არ უნდა იქნეს მიჩნეული ნაწარმოების გამოქვეყნებად.
ჰონორარების გადახდა ორივე ავტორზე იმიტომ ხდებოდა, რომ სიმღერა 1951 წლამდე ითვლებოდა ხალხურად, ხოლო 1951 წელს რ. გაბიჩვაძის მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და სიმღერის ავტორად დადგენილ იქნა გიორგი ვასაძე. ის ფაქტი, რომ სადავო სიმღერის ავტორია გიორგი ვასაძე, დასტურდება მოწმეთა განმარტებებით, რომლებიც წერილობითი სახითაა საქმეში წარმოდგენილი. ვასაძის ავტორობას ადასტურებს ასევე ანსამბლების „ორერას“ და „75“-ის საკონცერტო პროგრამები.
დიდმა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და დაადგინა: მაგდა ბერიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ ავტორი გიორგი ვასაძეა.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“
არწივის გული უნდა გქონდეს, რომ ამის შემდეგ ქართველი კომპოზიტორის მუსიკა მოიპარო და საკუთარ სიმღერას „დაადო“„. როგორც ჩანს, სითამამეს არ უჩივიან ძმები სომხები!
https://www.youtube.com/watch?v=FEvVo7m0pdk&feature=youtu.be
წყარო: mediacity.ge