სამეგრელო-ზემო სვანეთის პორკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ადვოკატები ნათია კორკოტაძე და გია გოროზია მოწმე დავით პოპოვს შეხვდნენ. შეხვედრის ინიციატორი თავად პოპოვი იყო.
როგორც მოგვიანებით ნათია კორკოტაძემ განაცხადა, პოპოვი შეხვედრას ფარულად იღებდა და მას ტანსაცმელზე ფარული კამერა ჰქონდა მიმაგრებული.
ვიდეოში, რომელიც მედიასაშუალებებით გავრცელდა პოპოვი ჩანს. მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა მის ტანსაცმელზე კამერა შენიშნეს, დავით პოპოვი აგრესიული გახდა და ადგილი სასწრაფოდ დატოვა. მას ჟურნალისტები კომენტარის გასაკეთებლად დაედევნენ, რა დროსაც მან განაცხადა, რომ კუჭავა სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი და მან თავი მოიკლა.
ბიძინა კუჭავას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში არსებული კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა.
უცნობია რა მიზანი ამოძრავებდა დავით პოპოვს, როდესაც ადვოკატებთან შეხვედრის გადაღებას ცდილობდა. ერთ-ერთი ვერსიით ის ცდილობდა, რომ შემდეგ ეს ვიდეო გაევრცელებინა და კუჭავას ადვოკატები ზეწოლაში დაედანაშულებინა.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას სავარაუდო თვითმკვლელობის დროს, მანქანაში ცოლ-ქმარი პოპოვები იმყოფებოდნენ, რომლებიც პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხა.
გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დავით პოპოვი კონტაქტზე აღარ გამოსულა.