საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა “რიონის ხეობის მცველების” კითხვაზე – ნამდვილად გაწყვეტილი აქვს თუ არა ხელისუფლებას კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნამოხვანის ჰესები უნდა აშენებულიყო.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეტი ინფორმაციის გასაჯაროვებას მას შემდეგ შეძლებს, რაც სამართლებრივი პროცესი წინ წავა.
“ეს პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან კომპანია “ენკას” თავისი პრეტენზიები გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ. შეიძლება, ჩვენ რაღაცებს ვითვალისწინებდეთ, რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ. ამიტომ, ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და ბუნებრივია, ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის. ამიტომ, უნდა გვესმოდეს ეს ყველაფერი, რომ დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს”, – ამბობს მინისტრი.
ლევან დავითაშვილის თქმით, მზად არის “რიონის ხეობის მცველებთან” მოლაპარაკებისთვის, თუმცა, ამისთვის სწორი ფორმატი უნდა შეირჩეს.
“ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით დიალოგისთვის, დღესაც, მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა, საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასოდეს ვერ იქნება. აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და სპეციალისტების ცოდნის გათვალისწინება. ამიტომ, ჩვენ პლატფორმა გავხსენით ევროპის ენერგეტიკული კავშირის მეშვეობით, ორგანიზაციის, რომელიც ევროპაში ალბათ ყველაზე კომპეტენტურია ასეთ კონფლიქტურ სიტუაციებში მედიაციის წარმოების კუთხით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავინახეთ რიონის ხეობის მცველების დიდი აქტივობა და ენთუზიაზმი. მათ ვთხოვდი, რომ იქნებ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა და არა პირისპირ დასხდომა და ჩვენ შორის საუბარი, თუმცა, ამისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს, რომ ვისაუბროთ გულწრფელად და ღიად, მაგრამ თუ გვაინტერესებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები, მაგალითად უსაფთხოების საკითხებზე, გარემოზე ზემოქმედებაზე, ტარიფებზე და ასე შემდეგ, უპრიანია, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ სწორ ფორმატში”, – განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, “რიონის ხეობის მცველმა”, ვარლამ გოლეთიანმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლებს კვლავ განაახლებდნენ, თუ ხელისუფლებისგან ვერ მიიღებდნენ პასუხს, გაწყვიტეს თუ არა კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულება.
შეგახსენებთ, ხანგრძლივი პროტესტი რიონის ხეობაში, თბილისსა და სხვა ქალაქებში საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას მოჰყვა. გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები დაასახელა.