486 დღეა, რაც ბადრი ესებუას ეძებენ.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მამაკაცი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მცხოვრები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუაა.
შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს შეკითხვით, თუ როდის მოახერხებდა უწყება ესებუას დაკავებას. ერთ-ერთი ბოლო განცხადება აღნიშნულ საკითხზე გომელაურმა 31 მაისს, “პოლიციის დღის” ღონისძიებაზე გააკეთა.
“ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ… ისვენებს…” – თქვა მინისტრმა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.