საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც, მას დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ მინისტრს მიმართა, რომ მის პარლამენტში მისვლას ყოველთვის საეჭვოთ ემთხვევა ლარის კურსის გამყარება და დაინტერესდა, რით არის ეს განპირობებული.
“ბატონო მინისტრო, გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას, დარწმუნებული ვიყავი რა, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოდით პარლამენტში, რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს. არ ვიცი, ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურებაა, თუ სხვა რამის, მაგრამ ეროვნულ ბანკს ახლა ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული, მერე თვენახევრის შემდეგ ვიგებთ საერთო დაჯამებულ რაოდენობას, ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვენციები, რომლებიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შექმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, კიდევ არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შესაძლოა, ბევრ სხვა ეჭვებსაც აღძრავდეს.