“ველოდი, რომ თავად მოითხოვდით თქვენი შვილების დასჯას”, – ამ სიტყვებით მიმართავს ნიკო კვარაცხელიას დედა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულთა დედებს. მეტრონომი იზა კვარაცხელიას ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ. “18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა, არამედ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გიორგი კავილაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით.
სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევს საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება.
საბრალოებო, ჩვენი რწმენა და მიმტევებლობა, ძალიან ცუდად გამოიყენეთ და ვერ გათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში არის კანონი, რომლის წინაშეც, მორწმუნეც და ურწმუნოც თანასწორია. ჯგუფურს მარტო კაველაძე და ჭელიძე კი არა სხვა ახალგაზრდებიც ვერ დააღწევენ თავს. ნათია ჯაფარაშვილს და თეკლე გავაშელიშვილს პირადად მოგმართავთ, ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენგან და ეჭვადაც არ გვქონდა, რომ თქვენ პირიქით ადამიანურ სახეს შეინარჩუნებდით და იმ შემზარავი კადრების, ტერორისტული აქტის ხილვის მერე, რომელიც თქვენმა შვილებმა განახორციელეს და რომელიც მთელმა ქვეყანამ იხილა, თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი ძვირად ღირებული ადვოკატები აუყვანეთ და მათთან ერთად ფულზე ჰყიდით სინდისს“, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა. შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაცხრილეს. მის მკვლელობაში ბრალდებულებს, აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ჯგუფური დანაშაულის ჩადენის ფაქტზე 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.