საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, კოვიდპაციენტებს, რომლებსაც არ ჰქონიათ დაავადების რთული მიმდინარეობა და 7-8 დღეში დაასრულეს იზოლაცია, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის, იგივე ბიულეტენის ნაცვლად სწრაფი ან პისიარ ტესტის დადებითი პასუხის წარდგენაც შეეძლებათ. ცვლილება უკვე ამოქმედდა და ეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულებს.
“COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR ტესტის დადებითი პასუხი. აღნიშნული ცნობის მიღება, პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება), ცნობის ამობეჭდვა, ასევე, შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის, შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი – შვიდი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გამონაკლისს წარმოადგენენ სტრატეგიული დანიშნულების ისეთი დაწესებულებების თანამშრომლები, როგორებიცაა სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროები და მათი სისტემები, პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური.
“ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან, არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.