ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კახიშვილი: გთავაზობთ, საბავშვო ბაღებში და სკოლებში აუცილებელი გახდეს დროშის აღმართვა

“ქართული ოცნების” წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტს პირველი მოსმენით წარუდგინა კანონპროექტი საქართველოს სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც, მისი თქმით, სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ცვლილების მიხედვით, კერძო თუ საჯარაო ბაღებსა და სკოლებში სავალდებულო უნდა გახდეს დროშის აღმართვა და ასევე, თვალსაჩინო ადგილებში უნდა განთავსდეს საქართველოს ჰიმნის ტექსტი.

“ჩვენ ვიცით, რომ კანონის შესაბამისად სახელმწიფო დაწესებულებებს ევალებათ საქართველოს სახელმწიფო დროშის აუცილებელი აღმართვა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოპულარიზაციის მიზნით, იმ მიზნით, რომ პატრიოტიზმი უფრო მეტად იყოს ჩვენს ქვეყანაში, საბავშვო ასაკიდან უნდა დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია და ამიტომ, ამ კანონპროექტით გთავაზობთ ცვლილებას, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, აუცილებელი გახდეს სახელმწიფო დროშის მუდმივი აღმართვა და შემდგომში უკვე, მეთოდიურად ბავშვების მიყვანა დროშასთან, ამის გაცნობა და სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის განთავსება თვალსაჩინო ადგილებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებით, ბავშვები ბაღიდან შეიყვარებენ საკუთარ დროშას, ზეპირად ეცოდინებათ ჰიმნი და ეს გაგრძელდება სკოლაშიც, მერე კი ვფიქრობთ, რომ დავამატოთ უნივერსიტეტებშიც”, – აცხადებს კახიშვილი.

იტვირთბა....