თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკანონო მშენებლობების შესახებ საუბრისას მედიის წარმომადგენლებს მიმართა და ისინი უკანონობის წახალისებაში დაადანაშაულა.
“სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. მინდა, მივმართო ამ ტელევიზიებს, დაფიქრდით რას აკეთებთ – თქვენ პირდაპირ ახალისებთ უკანონობას. ხვალ, ზეგ თქვენთან მოვლენ, თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები და სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, მერიის ყველა თანამშრომელი და გამგეობა მზადაა, უსახლკარო ადამიანებს დაეხმაროს, ხოლო უკანონო მშენებლობების ყველა შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.
“არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, ტყუილად არ დახარჯოთ თანხები მშენებლობაში. ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი მოხდება. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ თავი მძიმე მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ. ვისაც გაქვთ ეს უკანონო მშენებლობები, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დემონტაჟი თავად განახორციელოთ და მასალა არ გაგიფუჭდეთ. სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიწების დატაცება და მასზე უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უკანონობა ვერ დაკანონდება. განსაკუთრებით, მინდა მივმართო ბავშვიან ოჯახებს: ვინც დღეს უკანონოდ აშენებულ შენობებში იმყოფებით და გეშინიათ, რომ ქუჩაში დარჩებით, პირობას გაძლევთ, რომ უყურადღებოდ არ დარჩებით. პირველ ეტაპზე, ქირით გაგიყვანთ. თუ მართლა უსახლკარო ხართ, დაგეხმარებით საბუთების შეგროვებაში, მიიღებთ შესაბამის სტატუსს და შემდეგ, მუნიციპალური საცხოვრისი გადმოგეცემათ. არ მაქვს საუბარი ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც სამ-სამი ავტომობილი, სხვადასხვა რეგიონში მიწები და საცხოვრებელი სახლები აქვთ. მე ვსაუბრობ მათზე, ვისაც ნამდვილად არ აქვს სახლი”, – განაცხადა კალაძემ.