საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საპატრიარქოში არსებული ეპიდვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“დღეს “მთავარი არხის” ეთერში საზოგადოებამ იხილა სიუჟეტი საპატრიარქოში კორონავირუსის გავრცელების გამო “სრული კარანტინის გამოცხადების” შესახებ.
გვინდა, განვმარტოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს.
პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია “გზაგასაყართან” ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა “სრული კარანტინი” გაზვიადებული განსაზღვრებაა.
საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში სასულიერო პირების დაინფიცირების საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია.
რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის, ქალბატონი ცისანა შარტავას თქმით:
“იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს”. დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება”, – აცხადებენ საპატრიარქოში.