საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, თუ პენსიონერები “ლიბერთი ბანკის” გარდა, კიდევ სხვა რომელიმე ბანკში მოისურვებენ პენსიის აღებას, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არცის ინფორმაციით, ზარქუამ საპენსიო სესხების საკითხზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა.
“ჩვენს პენსიონერებს იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის აღება სხვა ბანკში, აქვთ ამის შესაძლებლობა და ეს იყო ხელშეკრულებაშიც. პირს სხვა ბანკში თუ მოუნდება პენსიის აღება, შეუძლია, განცხადება დაწეროს “ლიბერთი ბანკში” და ჩაურიცხავენ სხვა ბანკში უპრობლემოდ. 6 თვის შემდეგ შეუძლიათ ისევ გააგრძელონ. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი. ხელშეკრულებაში დავტოვეთ, რომ საკომისიოების გარეშე მოხდება თანხების გატანა-გამოტანა და გადარიცხვა”, – განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.