ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გასულ წელს საქართველოში დღეში საშუალოდ 37-ით მეტი ადამიანი კვდებოდა, ვიდრე იბადებოდა

გასულ წელს საქართველოში ყოველდღიურად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა საშუალოდ 123-160-ზე თანაფარდობით დაფიქსირდა. ამის შესახებ BMG ოფიციალური უწყებებისგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ამასთან, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 11 თვეში 53 444 ადამიანი გარდაიცვალა, რაც “ბიემჯის”ცნობით, 1994 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი სრული წლის სიკვდილიანობის სტატისტიკაზე გაცილებით მეტია.

გასული წლის განმავლობაში დაფიქსირებული გარდაცვალების 53 444 შემთხვევიდან, კორონავირუსს 11 295 შემთხვევა უკავშირდება. 2020 წელს, კორონავირუსით გარდაცვლილთა სრული ოდენობა 2 505 იყო.

“ეს ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მონაცემია წელს. მოგეხსენებათ, 2021 წელს და 2020 წელსაც კოვიდის გავლენა სერიოზულია, როცა ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა ანუ ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ბოლო ათწლეულებია გვაქვს და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქვეყნის, მაგრამ პანდემიამ საკუთარი როლი ითამაშა იმაში, რომ ბოლო ორი წელია ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს. წელს ე.წ. მინუს ბალანსმა, სამწუხაროდ, მოიმატა და ამას სერიოზული ანალიზი დასჭირდება”, – განუცხადა BMG-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....