ახალი ამბები პოლიტიკა

ბურჯანაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე: მგონია, რომ ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელ ქალებს შეხვდა.

შეხვედრა დასრულებამდე დატოვა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ ფორმატში მისი ადგილი არ არის, რადგან შეხვედრაზე რაკურსი წარსულის შეფასებაზე გადავიდა.

“წარსულის შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის ახლა აქტუალური. მე არა ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით მექნება ჩემი პოლიტიკური ხედვა. ეს არ ნიშნავს, რომ თუ ეს მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ახლა უნდა შეიქმნას, შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეკლარაციის მიღებას და მე მათ ამაში წარმატებას ვუსურვებ, ამაში არ ჩავერთვები. მზად ვარ, თუ იქნება ისეთი ტიპის დეკლარაცია, მოსაზრება ან რეკომენდაცია, რომელსაც დავეთანხმები. უბრალოდ ამ ფორმატში ვფიქრობ, ჩემი ჩართულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება.

ქალბატონ სალომესთან პირისპირ საუბარი არ ყოფილა, მან შესავალი სიტყვით მოგვმართა. ვიმეორებ, ველოდი, რომ იქნებოდა რაღაც პოლიტიკური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სადამდე მივიდა ქალბატონი სალომე ამ კონსულტაციების დროს. როგორც ჩანს, უბრალოდ დღეს სხვა ფორმატი იყო ჩაფიქრებული. ჩემთვის ნებისმიერი ფორმატი მნიშვნელოვანი და აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფორმატი გვაძლევს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შანსს და გეგმებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

იტვირთბა....