რეჟისორი გოგა ხაინდრავა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა.
“გუშინ, ეს აბსოლუტურად გაუგებარი არსება მღეროდა უკრაინის ჰიმნს და თავდაყირა ეჭირა უკრაინის დროშა, ასეთი სიურეალიზმი ფელინის არც ერთ ფილმში არ მინახავს. ეს რაღაც განსაკუთრებული წვლილია ქართული პოლიტიკის მსოფლიო აბსურდების საგანძურში, ისევე, როგორც ჰალსტუხის ჭამა იქნება შესული და ის საგმირო მოქმედება გორში”, – აღნიშნა ხაინდრავამ “კვირას” პრესკულბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გოგა ხაინდრავამ დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში “მორალური დეგრადირების სიმბოლო” გუბაზ სანიკიძეა.
“მე ასეთი რამ არ გამიგია, საკუთარი ქვეყნის ლანძღვა, ჩაშვება, დასმენა, მე არ გამიგია. ვგულისხმობ ყველას, ვინც ოპოზიციას ეძახის თავის თავს. მარტო მაგით არიან დაკავებული. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათთვის საქართველო არის “ქართული ოცნება”, ამის იქეთ ვერაფერს ხედავენ. სინამდვილეში, “ქართული ოცნება” დღეს არის და ხვალ აღარ არის და მთელი ის ნაგავი, რომელიც აქედან იქით მიდის, საქართველოზე ილექება, ჩვენს მომავალზე. მთავარი და ძირითადი რაც მინდა ვთქვა, არის ტყუილი, აღარ რცხვენია არავის აღარაფრის. ამის სიმბოლო არის გუბაზ სანიკიძე, მორალური დეგრადირების სიმბოლო”, – განაცხადა ხაინდრავამ.