ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას ვაძლევთ

“რიონის მცველებმა” შესაძლოა, საპროტესტო გამოსვლები კვლავ განაახლონ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებას ერთ კვირას აძლევენ, რა ვადაშიც, მათგან უნდა მიიღონ პასუხი – გაწყვიტეს თუ არა კომპანია “ენკასთან” დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნამოხვანის ჰესები უნდა აშენებულიყო. გოლეთიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პასუხს ვერ მიიღებენ, “რიონის მცველები”  კვლავ დაიწყებენ მწვავე პროტესტს.

“ხელისუფლებამ ხანგრძლივი იგნორირების სტრატეგია აირჩია ჩვენთან დაკავშირებით. ზოგად, პროცესი ვაკუუმშია მოქცეული და საზოგადოება ვერ გებულობს, რა ხდება რიონის ხეობაში. სინამდვილეში, ხდება მათი დანაშაულის გადაფარვა, რომელიც ამ საქმეში მიუძღვით. ამიტომაც მივეცით ეს ერთკვირიანი ვადა, რომ ან გამოვიდნენ კომუნიკაციაზე და პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რომლებიც ზოგადად არსებობს საკითხთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს იგივე პროცესის გააქტიურება, რაშიც თვეების წინ ვიყავით”, – განუცხადა TV პირველს გოლეთიანმა.

ამასთან, “რიონის მცველები” იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, ვინც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, ხანგრძლივი პროტესტი რიონის ხეობაში, თბილისსა და სხვა ქალაქებში საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის, მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას მოჰყვა. გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები დაასახელა.

იტვირთბა....