ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, ენმ-მა და გახარიას პარტიამ საკრებულოს სხდომა კვორუმის გარეშე გახსნეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც 33 დეპუტატია წარმოდგენილი, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და პარტიამ „საქართველოსთვის“ სხდომა კვორუმის გარეშე გახსნეს, სხვადასხვა საკითხი განიხილეს და გადაწყვეტილებებიც მიიღეს. მდინარაძის განმარტებით, იმისთვის, რომ სხდომა უფლებამოსილი იყოს, მას საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა ესწრებოდეს.

“ნამდვილად რთული იყო წარმოდგენა, რომ მოგვიწევდა ასეთ საკითზე საუბარი, თუმცა, ფაქტია, 21-ე საუკუნის საქართველოში წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა ცივილიზებული სამყაროს როგორც პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა – არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება”, – აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, სენაკის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერად ვერ ჩაითვლება.

“უკვე კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ მიიღო ე. წ. „გადაწყვეტილებები”: გადააყენეს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად დანიშნეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმაც დაუჭირეს – ასე შეწყობილად მუშაობენ უკვე. ამავე ე. წ. სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც. ერთი სიტყვით, კვორუმის გარეშე გახსნილი ე. წ. სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე, 74 ან 75 დეპუტატით, ან მაგალითად ორგანული კანონების მიღება ამდენივე ხმით. ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ამ მსოფლიო პრაქტიკას და კანონმდებლობას არ აღიარებენ სააკააშვილის და გახარიას პარტიის წევრები და მათი ქმედებების ლოგიკით, სენაკში 16 უდრის 33-ის ნახევარზე მეტს ან 16 უდრის ან მეტია 17-ზე. სააკაშვილი-გახარიას პარტიების ერთობლივი საქმიანობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა, რომელიც იტყოდა, რომ წარმოუდგენელი სიგიჟეა ოცდაცამეტდეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება მოინდომო 16 დეპუტატით და ამით წახვიდე არა მხოლოდ არითმეტიკის, კანონების თუ კონსტიტუციის წინაღმდეგ, არამედ მოინდომო ისეთი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ჯერ მსოფლიო პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთბა....