საქართველოს პროკურატურა მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
უწყებამ არასრულწლოვან ა.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ა.მ.-მ, შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა”, – აღნიშნულია განცხადებაში.