სააგენტო Арменпресс სომხეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველომ ქვეყანას “მაცუნის” დასახელებით რძის პროდუქტის ტრანზიტი აუკრძალა. სომხეთს “მაცუნის” სამარკო ნიშნით პროდუქტი საქართველოს გავლით რუსეთში გაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა 2021 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და ამის მიზეზად ქართულმა მხარემ პროდუქტის სახელწოდების მსგავსება დაასახელა მაწონთან, რომლის დასახელებაც საქართველოს გეოგრაფიულ სავაჭრო ნიშნად აქვს დარეგისტრირებული.
გამოცემის ცნობით, აკრძალვის ამოქმედების შემდეგ, სომეხმა მწარმოებლებმა პროდუქტის რუსეთში ექსპორტირება სახელწოდებით “სომხური მთის იოგურტი” დაიწყეს.
“სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში უფლებამოსილი ორგანოები ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვიდნენ სახელწოდება “მაწონის” რეგისტრაციის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ ეს დასახელება შესაძლოა სომხეთში წარმოებული მუცუნ-ის სახელში ყოფილიყო არეული. თუმცა, ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა ჩვენს მიერ გამოთქმული ჩივილი მხედველობაში არ მიიღეს”, – მოჰყავს “არმენპრესს” ეკონომიკის მინისტროს პრეს-მდივნის, გაიან ანტონიანის სიტყვები.
ანტონიანის თქმით, სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის კომისიაზე მსჯელობა გაიმართა გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების და დაცვის შესახებ, რის შემდეგაც, საკითხი სპეციალური სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში გადავა. ამასთან, ანტონიანის განცხადებით, სომხეთის მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც მუშაობს.
“ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთის რესპუბლიკის კანონში “გეოგრაფიული აღნიშნვნების შესახენ” შესატანი ცვლილებების ინიცირება მოახდინა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორთან კოორდინაციაში მყოფ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს საშუალებას მისცემს, საკუთარ სახელზე დაარეგისტრიროს გეოგრაფიული აღნიშნვა განსხვავებით არსებული მდგომარეობისა, რომლის მიხედვითაც, გეორგრაფიული აღნიშნვნის დარეგისტრირება მხოლოდ მწარმოებლებს შეუძლიათ”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.