თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მგზავრობის ტარიფთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და სინამდვილეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი მგზავრობის ღირებულება “32 თეთრი გამოდის”. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც – მოქალაქეს შეუძლია, „მეტრომანის“ საშუალებით გადაიხადოს. ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ“, – აცხადებს კალაძე.
კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის 40 000 აბონემენტია გაყიდული.