ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანონები სექსისტურ ხასიათს ატარებს” – ადვოკატი ,,კაცური სოლიდარობის ლიგას” აფუძნებს

ადვოკატი ლევან ჩხეიძე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კაცური სოლიდარობის ლიგას” აფუძნებს, რომლის მიზანიც, მისი თქმით, მამაკაცების უფლებების დაცვაა. ჩხეიძემ მეტრონომთან საუბარში დისკრიმინაციული უწოდა 126 პრიმა მუხლს, ,,ქალთა ძალადობის შესახებ” და განაცხადა, რომ ეს და მსგავსი კანონები, “ქალებს მომგებიან პოზიციაში აყენებენ”.

“უამრავი ქალი ბოროტად სარგებლობს ამ კანონით, ბოროტად სარგებლობს სასამართლოში და საზოგადოებაში არსებული განწყობებით და ხდება მეუღლეების დასმენა. უკვე კატასტროფის წინაშე რომ აღმოვჩნდით, მივხვდით, რომ საჭიროა მსგავსი გაერთიანების შექმნა. გაგიკვირდებათ და, ქალბატონებმაც გამოთქვეს ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი. პირდაპირ გეტყვით, ეს კანონები სექსისტურ ხასიათს ატარებს და ქალბატონებს აყენებს მომგებიან პირობებში. ეს არის დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით. არსებობს ჩვეულებრივი, 126-ე მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი ძალადობისთვის უნდა დაისაჯოს. ცალკე გამოყოფა ოჯახური ძალადობის საჭირო არ არის”, – ამბობს ჩხეიძე.

მისი თქმით, რეალობას არ ასახავს ოჯახში ძალადობის შესახებ არსებული სტატისტიკა.

“არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც არ არის ექსპერტიზის დასკვნა, არ არის მოწმეთა ჩვენება, მაგრამ მეუღელს უსჯიან სასჯელს ფიზიკური ძალადობის გამო. სასამართლოს აქვს აბსოლუტურად ყრუ დამოკიდებულება ამ საკითხისადმი”, – აცხადებეს ადვოკატი და განმარტავს, რომ ორგანიზაცია საკონსტიტუციო სარჩელებს მოამზადებს, მამაკაცებს სასამართლოში დაიცავს და ასევე, ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენს მათ.

მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

ცნობისთვის, მხოლოდ 2021 წლის პირველ კვარტალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის 2 270 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 83%-ში მსხვერპლი ქალი იყო. ამავე პერიოდში, ოჯახში მოძალადე 1 818 კაცი, ხოლო 323 ქალი.

იტვირთბა....