ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსი უკონტროლოდ არის მოდებული და პატიმრებს იზოლაციის საშუალება არ ეძლევათ, გადაჭარბებული და არასწორია.
როგორც თამარ გაბუნია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდი წარმატებით იმართება.
“ინფორმაცია იქ უკონტროლოდ გავრცელებული შემთხვევების შესახებ არის აბსოლუტურად არასწორი და გადაჭარბებული. გამომდინარე აქედან, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ნუ ავყვებით ამ არასწორ ინფორმაციას. სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებულია პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდის მართვისთვის, არის გამართული ყველა მიმართულებით – როგორც პრევენციის, ასევე შესაბამისი სამედიცინო სერვისის გაწევის კუთხით. სადაც ხდება ინფიცირების დადასტურება, ყველა შემთხვევის მართვა არის შესაფერის პირობებში უზრუნველოყოფილი”, – განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირებული შემთხვევები მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არის და ვაქცინაციის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია.
“პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სამსახურთან გვაქვს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა. ეს ითვალისწინებს ტესტირების პროგრამას პრევენციისთვის; ვაქცინაციის პროგრამას – დღეს ვაქცინაციის ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვაქვს პენიტენციურ სამსახურში, როგორც თანამშრომლებს შორის, ისე მსჯავრდებულებში და ბრალდებულებში, რაც ქმნის დაცვის კარგ გარანტიას. აქამდე დაფიქსირებული შემთხვევები ყველა იყო მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმის”, – აღნიშნავს გაბუნია.