ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიის და საფრანგეთის მინისტრები: ფეისბუქს ისედაც არ ვიყენებთ და მშვენივრად ვართ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, ბრუნო ლე მეირი პარიზში ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფეისბუქი და ინსტაგრამი შესაძლოა, ევროპაში ხელმისაწვდომი აღარ იყოს.

როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ოთხი წელია, ფეისბუქს ისედაც არ იყენებს.

“მას შემდეგ, რაც “დამჰაკეს“, ოთხი წელია, რაც ფეისბუქის და ტვიტერის მომხმარებელი აღარ ვარ და ცხოვრება არაჩვეულებრივად მიდის“, – განაცხადა ჰაბეკმა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა კი დასძინა:

“შემიძლია დავადასტურო, რომ ფეისბუქის გარეშე ცხოვრება ძალიან კარგია და რომ მის გარეშე მშვენივრად ვიქნებით”.

ეს განცხადებები მარკ ცუკერბერგისა და მისი გუნდის ულტიმატუმს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, კომპანია მეტა-მ შესაძლოა, ევროკავშირის მასშტაბით ფეისბუქის და ინსტაგრამის ოპერირება შეაჩეროს, თუ ევროპელი მომხმარებლების მონაცემების ამერიკულ სერვერებზე შენახვისა და დამუშავების ნებართვას არ მიიღებენ.

“ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ევროპის კონტინენტი თავისი სუვერენიტეტის სადარაჯოზე იდგება“, – განუცხადა მედიას საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.

იტვირთბა....