კანადის დედაქალაქ ოტავაში მეთერთმეტე დღეა, სავალდებულო ვაქცინაციის და კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად მოსახლეობის ნაწილი დემონსტრაციებს აწყობს. როგორც The Guardian წერს, პროტესტის მონაწილეებს ქალაქის ცენტრალური ნაწილი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი. სამართალდამცველების შეფასებით, მათ ქალაქი ალყაში აქვთ მოქცეული, ოტავას მერმა, ჯიმ უოტსონმა კი განაცხადა, რომ დედაქალაქს “მალე გაათავისუფლებს”.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ონტარიოს სასამართლოში კოლექტიური სამოქალაქო სარჩელია შეტანილი ხმაურისა და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხების ბრალდებით. როგორც გარდიანი წერს, სარჩელის მიხედვით, აქციის მონაწილეებისთვის პროტესტის შესაწყვეტად მიცემული ვადა ორშაბათს, 10:00 საათზე ამოიწურა და ახლა, მათ შესაძლოა, 10 მილიონი კანადური დოლარის (7,9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუხდეთ. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაშლილან.